My photo
ლანჩხუთი, Georgia
სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის, საჯარო სკოლის, N2 კორპუსის, დაწყებითი კლასის პედაგოგი:

Wednesday, December 7, 2022

მე-4 კლ გამოშვება ,,მასწავლებლის წერილი"


„დავბრუნდებით, ოცნებების ხეივანში,
მალე მოვალთ, ისევ ჩაგეხუტები“
ეს სიტყვები ჩემს მოსწავლეს, ანა კვაჭაძეს ეკუთვნის. ლექსი, რომელიც პანდემიის დროს დაწერა, სავსეა მომავლის იმეიდით, სიხარულითა და სიცოცხლით.
მოსწავლეებისათვის სკოლის ზარი არ შეწყვეტილა, ეს ხმა უჩვეულოდ, მაგრამ მაინც ისმოდა სახლის კედლებში. მიუხედავად პანდემიის, შიშისა და დეპრესიისა სუფსის საჯარო სკოლის (ტაბანათი) IV ბ კლასის მოსწავლეებმა (ანა კვაჭძე, ლუკა კვერენჩხილაძე, საბა აბაშიძე, რომან ჩხიკვაძე, ავთო კალაჯიშვილი, ლაანა ბერიძე) და მე კლასის დამრიგებელმა დისტანციურად, მაგრამ მაინც შევძელით და მოვახერხეთ საზეიმო განწყობის შექმნა. შევაჯამეთ და დიდი საიყვარულით გავიხსენეთ სასკოლო ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი ფაქტები. თითოეული მათგანი საოცრად თბილი სიტყვებით მოეფერა გოგებაშვილს. ერთმანეთს სამშობლოსა და ენის სიყვარულშიც გამოუტყდნენ, იმღერეს, თავი გამოიჩინეს დახვეწილი მეტყველებითა და მხატვრული კითხვით. უამრავი სიტყვა და სიმღერა მიუძღვნეს პირველ მასწავლებლებს.
დაწყებითი სკოლის მასწავლებლობა, ყველაზე რთული პროფესია რომელიც უსაზღვრო სიყვარულზეა დამყარებული... თუ სიყვარული, ღიმილი არ შეგიძლია, რაც არ უნდა უკიდეგანოდ განათლებული იყო, აღმზრდელი ვერ იქნები. ბევრს ჰგონია, ყველაზე ადვილი დაწყებითი კლასების მასწავლებლობაა. განა რა არის იმაში ძნელი, ანბანი და წერა-კითხვა ასწავლო?! ჩემი აზრით კი, სკოლის პირველ მერცხლებთან მუშაობა საძირკვლის გაჭრას ჰგავს. თუ საფუძველი სათანადოდ არ გაამაგრე, სახლს სუსტი ქარიც კი ჩამოანგრევს.
როცა მოსწავლეების წინაშე დგახარ და პატარების ანთებულ თვალებს უყურებ, ხვდები, რომ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო და უანგარო...
როცა სკოლის კარს აღებ, იქ სხვა სამყარო იწყება... თითოეული ბავშვის საფიქრით ფიქრობ, მათი დარდი გადარდებს და მიღწეული წარმატებებით მათთან ერთად ხარობ... ამაყობ... ამაყობ მაშინაც, როცა წლები გადის და შენს ყოფილ მოსწავლეს წარმატებულს, შემდგარ პიროვნებას ხედავ...
ყველაფერი კი 2016 წლის 15 სექტემბერს დაიწყო. სკოლის ეზოში საზეიმო განწყობა სუფევდა, გულისფანცქალით გელოდით ყველას. ჯერ არ ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ მე უკვე მიყვარდით. მაშინ სულ პაწაწინები, 6 წლისანი იყავით, გაფართოებული თვალებით მოხვედით ჩემთან, ზოგს დედ-მამა მოგაცილებდათ, ზოგს ბებია-ბაბუა, მე თქვენი მასწავლებელი ვარ - ასე გაგეცანით. ჩაგკიდეთ ხელი, უფროსებს თბილად დავემშვიდობეთ და მივიხურეთ საკლასო ოთახის კარი, დავრჩით მხოლოდ მე და თქვენ და ასე დაიწყო ჩვენი ოთხწლიანი ისტორია. მე გასწავლეთ 33 ასო, ჩემი ხელით გაქარგინებდით ულამაზეს ქართულ ანბანს, თამაშით გასწავლეთ ციფრები და მათთან საუბარი. მოსმენა გასწავლეთ უფროსებისა და თქვენი გულის მოსმენა. ერთმანეთის იმედი, და მთავარი, ღიმილი გასწავლეთ, ჩემო პატარებო, კისკისი ლაღი და ხალასი. მე ვიყავი თქვენი პირველი მასწავლებელი და ვამაყობ ამით. ვცდილობდი, თქვენი თვალებით შემეხედა სამყაროსათვის და თქვენი დახმარებით ჩემში მიძინებული ბავშვობა გააღვიძეთ... ამისთვის გიხდით მადლობას! მადლობას გიხდით, ამ ოთხი დაუვიწყარი წლისთვის!
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც თბილი სიტყვები არ დაიშურა ბავშვებისთვის, ვინც მოგვეფერა. მადლობა საყვარელ და შრომისმოყვარე მშობლებს.
გუშინდელი დღე უკვე წარსულია, ტკბილი წარსული... ხვალინდელი დღე მომავალია, ლამაზი და ბედნიერი მომავალი, დღევანდელი დღე რეალობაა... არ ვიცი, რა იქნება ხვალ, მაგრამ დღეს ყველას მინდა გითხრათ, რომ უზომოდ მიყვარხართ! მეამაყებით! მეთბილებით!
ჩემო პატარებო, გისურვებთ წარმატებებს სწავლის შემდგომ საფეხურზე, მინდა, რომ ყოველთვის მეამაყებოდეს თქვენით, ჩვენ ერთმანეთს დავემშვიდობეთ როგორც მასწავლებელი და მოსწავლე, მაგრამ ყოველთვის მიგულეთ თქვენს გვერდით, თქვენი კეთილისმსურველი და გულშემატკივარი. მე არასოდეს დაგივიწყებთ და იმედი მაქვს, თქვენც არასოდეს დაგავიწყდებით თქვენი პირველი მასწავლებელი.

No comments:

Post a Comment

,,ენა ბურჯია ერისა"

           პროექტი    ,, ენა ბურჯია ერისა "   პროექტის სახელწოდება :    ,, ენა ბურ ჯ ია ერისა “ პროექტის ავტორი : ლიუდმილა ...